თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ირაკლი მილაძე პოლიციელებმა 12 დეკემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა.
13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნველყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს.
უწყება გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის.