შავი ზღვა ევროპული ხდება: ზურაბიშვილი ელექტროკაბელის გაყვანის შეთანხმების ხელმოწერაზე

რუმინეთმა, უნგრეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიული ნაბიჯი უწოდა შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფოს მეთაური მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
„მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – დაწერა ზურაბიშვილმა.
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, სადაც შეიკრიბა ოთხი ქვეყნის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინენი.
დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.