საქართველოში დრიფტი ოფიციალურად აიკრძალა

სამართალდამრღვევებს ემუქრება ჯარიმა და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირება
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ამოქმედდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული შესწორებები, რომელთა თანახმად „დრიფტი“ საკანონმდებლო დონეზე იკრძალება და ჯარიმას ითვალისწინებს.
თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ. ამის შესახებ ხშირად წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც.
დრიფტი — მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალური სისწრაფით გავლა - ამიერიდან 300 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
ხოლო თუ დრიფტმა ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.