თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო გადაზიდვების პრობლემა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, ვინაიდან ავტოსადგურები და ავტოსადგომები არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, ხოლო მგზავრთა მომსახურების დონე დაბალია, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ავტოსადგურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ავტოსადგომების რეგულირებას ეხება. მინისტრის თქმით, ისინი არ აკმაყოფილებენ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს.
„საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგება ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსადგურების შენობა, ინფრასტრუქტურა ძალიან მოუწესრიგებელია, ავტოპარკიც გაუმართავია“, - განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, ავტოსადგურებთან, გადამყვანებსა და მომხმარებლებთან დაკავშირებით კონკრეტულად ფუნქციების გაწერა უნდა მოხდეს, თუ ვის რა ვალდებულებები ექნება, რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შემუშავდეს, რითაც ამ სამ ელემენტზე ზედამხედველობა მოხდება.
„როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს. ბუნებრივია, ისე უნდა გადაწყდეს, რომ არავის უფლება დაირღვეს. რაც მთავარია, როცა მგზავრებსაც ექნებათ პრეტენზიები, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, შესაბამის სამსახურს მიმართონ და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა კვაშილავამ.
ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვან პრობლემას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
„მაგალითად, საქართველოში არის ადგილები, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს და ადამიანებს გადაადგილება, ძირითადად, ტაქსით უწევთ, რაც, ბუნებრივია, ძვირი უჯდებათ. ჩემი მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ როცა პროცესი დაიწყება, ამან მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას“, - განაცხადა კვაშილავამ.
ექსპერტი მიესალმება ახალ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ სისტემა უნდა მოწესრიგდეს, უნდა „ეკონომიკაში ჩაჯდეს, ავტოსადგურებსა და გადამყვანებს შორის გამიჯვნა მოხდეს, ავტოსადგურებს მომსახურებაზე გარკვეული ზღვარი უნდა დაუწესდეთ“.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, უსაფრთხოების კუთხით თუ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება. განხილვის ეტაპზე კიდევ სხვა პრობლემებიც გამოჩნდება.
კვაშილავა აქცენტირებას 2 კომპონენტზე სთავაზობს: უსაფრთხოების კუთხით უფრო მყარი გარანტიები უნდა ჩაიდოს და მეორე ის, რომ არცერთი რეგიონი, დაბა, ქალაქი საზოგადოებრივი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარეშე არ უნდა დარჩეს.