თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ ნიკოლა ჩუკამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე.
„რუმინეთის მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება", - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოქტომბერში საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმირების შესახებ".
შეთანხმების თანახმად, მხარეები ვალდებულები არიან გააძლიერონ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი და მისი მიმართულებები რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობისთვის მაღალ დონეზე, მათ შორის მნიშვნელოვან ორმხრივ და საერთაშორისო სფეროებში.
უკვე დეკემბერში, საქართველომ და რუმინეთმა, აზერბაიჯანთან და უნგრეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში“, რაც გულისხმობს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის – ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.