თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მდებარეობა გვაძლევს საშუალებას ვიქცეთ ხიდად ევროპასა და აზიას შორის, და საქართველო მზად არის იყოს დამაკავშირებელი რგოლი სატრანსპორტო მარშრუტების და ელექტრომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
„საქართველო გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კარიბჭედ. (საქართველო - რედ.) უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის როგორც ჰაბის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია და ქვეყანა თავისი პოტენციალის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
„განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ საქართველო იყო შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანის ინიციატორი.
„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებადობას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ქვეყნის დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.