ქუთაისში მამაკაცებმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს

მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას საქეიფოს თავის სახლში ეპატიჟებოდა, რაზეც ყველამ უარი თქვა, წერს ჟურნალისტი
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ავტობუსის გაიტაცება სცადეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ერთ-ერთი პირი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ დააკავა,
შემთხვევა ქუთაისში გუშინ საღამოს მოხდა. დაკავებულის ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის ინფორმაციით, ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.
„მოკლედ, ვინ არ დამიცავს, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არა თუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია. ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად. არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად. ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ, მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალი", - დაწერა არჩილ ნიჟარაძემ.
ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის ინფორმაციით, ავტობუსის გამტაცებელი მამაკაცი მგზავრებს სახლში საქეიფოდ ეპატიჟებოდა, რასაც მგზავრებიც ადასტურებენ.
„ტიპმა ავტობუსი გაიტაცა რამდენიმე საათის წინ თავის მგზავრებიანად. დააკავეს და განაცხადა, რომ სახლში მიმყავდა ყველა საქეიფოდო. მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას გვეხვეწებოდა სახლში წამომყევითო და არავინ წავყევითო“, - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს. ორივე მამაკაცი დაკავებულია ცხელ კვალზე.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.