თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამჯერად კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გაიმართა.
ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
ამრიგად, ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
მსოფლიო რეკორდები +109 კგ წონით კატეგორიაში ასევე ტალახაძეს ეკუთვნის - შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მან ატაცში 225 კილოგრამი აწია, აკვრაში 267, ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი დააფიქსირა.