თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ იქ სხვა ოპოზიციური პარტიები არ დარჩებიან, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
პირველმა პარლამენტის დატოვების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მან ყველა პარტიას მოუწოდა, შეუერთდნენ ამ ინიციატივას. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. თავად მელიას დეპუტატის მანდატი 2021 წლის ოქტომბერში ჩამოერთვა.
„მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი თუ არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, ხოლო თუ დარჩება ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, პარტია იმუშავებს იმაზე, რომ პარლამენტი რაც შეიძლება მალე დარჩეს ერთპარტიული და მზადაა სხვა პარტიებთან კონსულტაციები დაიწყოს.
ამასთან, უფრო ადრე პრაქტიკულად ყველა პარტიამ განაცხადა, რომ პარლამენტიდან წასვლაში აზრს ვერ ხედავენ და მათი ბრძოლის მეთოდი რადიკალიზაცია არ არის.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი აღნიშნეს, რომ მათ აწყობთ „ნაცმოძრაობის“ პარლამენტიდან წასვლა, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტში რადიკალიზაციის დონე შემცირდება.