თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სერბეთის ხელისუფლებამ ნატოს მისია KFOR-ის სარდლობას კოსოვოსა და მეტოხიაში სერბეთის ჯარისა და პოლიციის შეზღუდული კონტინგენტის შეყვანაზე მოთხოვნა გაუგზავნა, იუწყება სერბეთის რადიო და ტელევიზია.
მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელგრადი 1 ათასამდე შეზღუდული კონტინგენტის შეყვანაზე გაგზავნიდა მოთხოვნას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის (1244) შესაბამისად.
„მერდარის ადმინისტრაციულ პუნქტზე KFOR-ს გადაეცა სერბეთის მთავრობის მოთხოვნა კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიებზე სერბული უშიშროების ძალების 100-დან 1.000-მდე თანამშრომლის დაბრუნების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოსოვოსა და მეტოხიაში გრძელდება დაძაბული ვითარება. 10 დეკემბერს კოსოვოელმა სერბებმა ჩრდილოეთ მხარეში გზატკეცილებზე ბარიკადები ააგეს. 12 დეკემბრიდან განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტეს მუშაობა სკოლებმა ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიაში.