თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, 13 დეკემბერს ბრალდებულმა ქალს საჩუქრებთან ერთად შეფუთული ასაფეთქებელი მოწყობილობა მიუტანა და სახლის კართან დაუტოვა. ქალმა ხელნაკეთი ასაფეთებელი მოწყობილობა საჩუქრების გახსნის დროს აღმოაჩინა და მის აფეთქებამდე ოთახიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა მცირე დაზიანებები მაინც მიიღო. აფეთქებამ ოთახის დიდი ნაწილი გაანადგურა.
ბრალდებული ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და საზოგადოებაში სახელის გატეხვით ემუქრებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის სამი მუხლით: „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“, „სექსუალური ხასიათის კავშირის იძულება“ და „ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.