მსოფლიო დღეს

ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა მინისტრს მოხსენების რუსულად წაკითხვა აუკრძალა

Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი − Sputnik. ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა ნურლანბეკ შაკიევმა ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრს დინარა კუტმანოვას სხდომაზე რუსულ ენაზე გამოსვლა აუკრძალა.
მინისტრმა, რომელიც დეპუტატებს ბიშკეკში სმოგთან ბრძოლის საკითხზე ანგარიშს აბარებდა, ჩატარებული სამუშაოების შესახებ მონაცემების რუსულ ენაზე წაკითხვის ნებართვა ითხოვა და პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო მოხსენება.

„ვის სთხოვეთ რუსულ ენაზე გამოსვლის უფლება, რატომ არა ყირგიზულ ენაზე?!“ − შეაწყვეტინა მინისტრს სიტყვა სპიკერმა და ბრძანების კილოთი მოსთხოვა, გამოსვლა სახელმწიფო ენაზე განეგრძო.

როგორც კუტმანოვამ განმარტა, მოხსენების რუსულ ენაზე წაკითხვის უფლება მას დეპუტატებმა მისცეს, მათ შორის – თავად შაკიევმა.
„როდის?! მე მხოლოდ ახლა მესმის ამის შესახებ. აქ ასეთი წესებია, მოხსენება სახელმწიფო ენაზე უნდა წაიკითხოთ“, − უთხრა ნურლანბეკ შაკიევმა კუტმანოვას.
მინისტრი დაეთანხმა სპიკერის მოთხოვნას და მონაცემების წაკითხვა ყირგიზულად განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ რუსულ ენას ყირგიზეთში ოფიციალური სტატუსი აქვს. თუმცა მანამდე, 25 ნოემბერს შაკიევმა მოითხოვა, საგანგებო წესით შეეცვალათ დედაქალაქის რაიონებისთვის რუსული სახელწოდებები ყირგიზული დასახელებებით − სახელმწიფო ენის განვითარების გეგმის თანახმად. ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი ოთხ რაიონადაა დაყოფილი. ესენია: ლენინის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და სვერდლოვსკის რაიონები.