თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამიერიდან უსინათლო და მცირემხედველი პირები კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვას შეძლებენ.
სამინისტროს განცხადებით, უსინათლო ადამიანებს ექნებათ სრულფასოვანი, სწრაფი და უფასო წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებზე.
ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია ამერიკელმა ექსპერტმა ჰარის მობრისმა შექმნა.
ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და ის უსინათლო ადამიანებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც ამაღლებს განათლების ხარისხს, უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ქმნის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.