თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სფეროში ვითარდება და ამან სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
პოლიტიკოსმა განცხადება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთშორისი სხდომის დროს გააკეთა, რომელიც თბილისში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე გაიმართა ასადოვის შეხვედრა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში, ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში“, – განაცხადა ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერი დარწმუნებულია, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ასადოვმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებით ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები – მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა სამი პროცენტით გაიზარდა.
„ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი და შევძლებთ ამ ურთიერთობების მეტად განვითარებას. ბატონო პრემიერო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სამთავრობოთშორისო კომისია ჩვენს ეკონომიკურ და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ასადოვმა.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.