თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში არსებული კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა მიიღო ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში შევიდა ცვლილებები საკმაოდ მკაცრი ფორმულირებებით. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს პუნქტებს, რომლებიც მიმართულია პირადად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საუბარია შესწორებებზე, რომლებიც მიქსერის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში შევიდა. ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.
„ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას სერიოზულად შეხედოს.
კობახიძემ დოკუმენტის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ანომალია და პარადოქსი უწოდა.
„როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის თქმით, პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.
სვენ მიქსერს არ მოეწონა ის, რომ შესწორებების შედეგად ერთ დოკუმენტში აღმოჩნდა მოწოდება სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც. მისი თქმით, ეს ართულებს სიტუაციას. მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს.