თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.
მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მათ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ გადასცეს.
„ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული პრობლემების გამო მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ასეთ ოჯახებს არსებული სივრცეების დაკანონებაში ეხმარება. ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. დღეის მდგომარეობით, 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა გადაცემული კერძო საკუთრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2.000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.