საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული საბჭოს დასკვნა შეაფასა

ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება ევროპული საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების გატარების გზაზე.
გუშინ ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. საბჭო აღნიშნავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის აღიარების შესახებ, და რომ კავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ.

„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საქართველო აგრძელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას“, – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის. საქართველოს პროგრესი შეფასდება გაფართოების პაკეტის ფარგლებში 2023 წელს, დაწერა დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გზა და სრულად გადაჭრას პრიორიტეტული ამოცანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უფრო აქტიურად განხორციელების საფუძველზე.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.