პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ პუშკინის სკვერის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სამუშაოების ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა ახალი საპარკე ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

„სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. გარდა იმისა, რომ აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდა, დამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დაირგო 758 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, მოეწყო სარწყავი სისტემა და 890 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

პუშკინის სკვერის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს