გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ცნობით, ფორუმზე 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა დაიწყო>>>
სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იყო მენეჯერის, საქმეთა მწარმოებლის, ბუღალტრის, კონსულტანტის, მზარეულის, მოლარე-ოპერატორის, დაცვის თანამშრომლის, დამლაგებლის, ტექნიკოსის, ელექტრიკოსის და სხვა პოზიციებზე.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. მიმდინარე წელს სააგენტოს ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 15 ფორუმი ჩატარდა, რომლებზეც მთლიანობაში 5 ათასზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი.