დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს - პოლიტიკოსების რეაქცია ნიკა მელიას მოწოდებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მორიგმა მოწოდებამ ოპოზიციონერებში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თუ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს პარლამენტს დატოვებს, ამით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მოიგებს, დარწმუნებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომის მორიგი გადადების შემდეგ, სადაც მისი სასჯელის შეცვლის საკითხი უნდა განეხილათ, სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დროა ოპოზიციამ გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა პარლამენტს.

„თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუნდაც საპარლამენტო პროცესების განვითარებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე რადიკალმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, ეს არის, მაგალითად, იგივე მელია, ხაზარაძე, მამულაშვილი, და ეს უკვე დადებითად დაეტყო პარლამენტის საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმება.
„რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან, მით უკეთესი იმისათვის, რომ საქართველოში რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს მის მიერ პარლამენტის დატოვებასა და სააკაშვილის გათავისუფლებას შორის.
პარლამენტიდან წასვლის იდეა თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არ მოიწონეს.
„მიხეილ სააკაშვილის ან ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნა თუ პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, მაშინ რა გვინდა ამდენ ხანს საკანონმდებლო ორგანოში? თუ ასეთი უებარი წამალი არსებობს და მიგვიგნია ამ წამლისთვის? თურმე დეპუტატების ბრალი ყოფილა, მიშა ასეთ დღეში რომ არის. არ არის ასე მარტივად საქმე“, – განაცხადა პარტიის დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
„რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო (ოპოზიციური) დელეგაცია, არც ის რეზოლუციები იქნებოდა, რომელსაც ახლა ვხედავთ, არც სტრასბურგში, არც კონგრესში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა >>
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის ბოიკოტისთვის ექს-პრეზიდენტის თემის გამოყენება მცდარი ნაბიჯი იქნებოდა.
„ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით, თურმე, მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მიიღოს ყველამ გადაწყვეტილება, არის კიდევ ერთი შეცდომა და კიდევ ერთი ფრუსტრაციის საფუძველი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ხოლო პარტიაში „საქართველოსთვის“ მელიას მოწოდებას უპასუხისმგებლო უწოდეს.
„საკითხის ასე დაყენება უპასუხისმგებლობაა. პარლამენტის დატოვება ან ბოიკოტირება ჩვენი მეთოდი არაა“, – განაცხადა პარტიის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, თუ პარტია პარლამენტს ტოვებს, ის სახელმწიფო დაფინანსებასაც კარგავს.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აპირებდა პარლამენტის დატოვებას, მაგრამ ეს არ გააკეთა. სექტემბერში პარტიის წარმომადგენლებმა დაასრულეს პარლამენტის ოფიციალური ბოიკოტი და მონაწილეობას იღებენ მის მუშაობაში, მათ შორის, მმართველ პარტიასთან კონსულტაციებს გადიან.