სქესობრივი კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელება: ხულოში ორი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
24 ნოემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში მ.შ.-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ბრალდებული ბ.გ. და 25 წლის ბრალდებული ა.ხ. დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.
ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ. სქრინები (ფოტოსურათები) და ერთ-ერთი სოციალური ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ეს ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ.-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს თანხა გამოსძალა.
29 ნოემბერს ორივე მათგანი დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) წარუდგინეს.
ბრალდებულებს სასამართლოს მიერ პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მედიის ინფორმაციით, ბ.გ. და ა.ხ. ხულოში დააკავეს.