თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.
სამართალდამცველებმა 63 წლის მამაკაცი საკუთარი რძლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 12 დეკემბერს დააკავეს.
შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში 11 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.