თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ახალი წლის დღესასწაულებზე თავი შეიკავონ ხორცის შეძენისგან საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალი წლის დღესასწაულებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების მატებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირად ხორცი იყიდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა.
ამიტომ ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის (2-დან 6-გრადუსამდე) დაცვით.
ეტიკეტი მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს.
ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო;
თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც.
სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა ინახებოდეს. ასევე ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.
სააგენტოს ცნობით, არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისგან, მაგრამ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.