თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მექანიზმები ძალზე მცირეა და არცერთი ეს შესაძლებლობა არ არის მთავრობის ხელში, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. ამ სარჩელის განსახილველად 9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის გადაიდო.
„მთავრობას და მის წევრებს ამისთვის (სააკაშვილისთვის პატიმრობის გადავადების) არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ეს ბერკეტი შესაძლოა ჰქონდეს მოსამართლეს... არსებობს შეწყალების მექანიზმი, რომელიც ეკუთვნის პრეზიდენტს, და სულ ეს არის. თუ მე არ მაქვს ბერკეტი, ე.ი. არ ვაგებ პასუხს“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
„მოდით, ყველამ გადაწყვეტილება მივანდოთ სასამართლოს, ვინაიდან პროცესი ჩანიშნულია და შუამდგომლობა არის დაყენებული მოსამართლის წინაშე. ყველანაირი წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე საერთაშორისო სამართალში. მოსამართლეს სჭირდება მშვიდ გარემოში გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს.
„შინაგანი რწმენა კი არ ყალიბდება აჟიოტაჟის და გარკვეული ზეწოლის ფონზე, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი განცხადებები, მათ შორის, პოლიტიკოსებისგან“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ექსპერტების აზრით, საქართველოში მსჯავრდებულმა სააკაშვილმა გაიარა ყველა ხელმისაწვდომი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მრავალფუნქციურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა უარესდება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.