საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის მოწვევას აპირებს

რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2022 წლის საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირის პარასკევს დახურავს, თუმცა დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სესიის ფარგლებში გააგრძელებენ, ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად კანონმდებლობის ცვლილების მთელი პროცესის დასრულებას 2023 წლის 1 იანვრამდე გეგმავდა.
„სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომები მომავალი კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს. შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მივმართავთ პრეზიდენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მოუწევთ. ასევე რამდენიმე თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად კენჭისყრები ჩატარდება.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.