კონკურენციის სააგენტომ ბანკებში მონიტორინგი დაიწყო

ბაზრის მონიტორინგის პროცესი ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაწესებულებების მიერ საკრედიტო ურთიერთობების დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის” მიმართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფინანსო ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის საქართველოს ბაზარზე 15 ლიცენზირებული კომერციული ბანკი და 18 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.
2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის და საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) მონიტორინგი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ფარმაცევტული ბაზრისთვის 13 რეკომენდაცია გაიცა. მოკვლევის პროცესია დაწყებული საავტომობილო ბაზარზე ვითარების შესასწავლად.
ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს შუშის ნარჩენების და საავტომობილო გაზის საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგი.