თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, 9.692 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 331 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 ნოემბრისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 30 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 63 პირი იმყოფება.
რუსთავის ციხე
© photo: Sputnik / Stringer
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2022 წლის 1 ნოემბრისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასამდე პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 13 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 4 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 168 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 48 ქვეყნის 648 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 61 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 21,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 61 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 314 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, საბერძნეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.