თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის გასაძლიერებლად, არამედ ფინანსებისა და ძალაუფლებისთვის, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
კვირას, 11 დეკემბერს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესსა და თარიღთან დაკავშირებით.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მომდინარეობს. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. ეს პარტია არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და შესაბამისად, აქ მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის და შიდა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ძალთა განაწილება - ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს მათი მხარდამჭერი ოლიგარქებისგან და ვის ექნება უფრო რადიკალური ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად. ორივე ბანაკი ღიად საუბრობს პარტიაში მოვლენებზე მესამე პირების გავლენის შესახებ. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრები დავით კეზერაშვილი და ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა წინა ხელისუფლების დროს.
ვანო მერაბიშვილი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
ნიკა მელია
© photo: Sputnik / Stringer
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.