თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. 2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დევნილებისათვის ქუთაისში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, სადაც 800 ბინაა. აქედან ორი სახლის მშენებლობა უკვე იანვარში უნდა დასრულდეს. დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული გადაეცემათ.
დღეს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა. მინისტრის მოადგილესთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.