თბილისში ერთ ტონაზე მეტი საკვებად უვარგისი თევზი დალუქეს

თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“ ბიზნეს-ოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 1.166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“, რომელიც უკანონოდ, ბიზნეს-ოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა.
შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.
რას ვჭამთ? თბილისის ერთ-ერთ საცხობში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს>>
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ განადგურების მიზნით დაილუქა 1.166 კილოგრამი თევზი, საიდანაც 320 კგ შებოლილი სკუმბრია, 19 კგ შებოლილი ორაგულის მუცლის ჩხირები, დამარილებული 720 კგ სკუმბრია და 107 კგ ორაგულის მუცლის ჩხირები იყო.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.