თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. 7 დეკემბრის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულია საქართველოს 1,3 მილიონზე მეტი მოქალაქე. აქედან დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 2,8 ათასმა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
პენსიონერებისთვის გაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 7,1 მლნ ლარი.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების რაოდენობა 2,87 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული წმინდა ამონაგები 421 მლნ ლარია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის სავალდებულოა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. სახსრები ჩაიდო საქართველოს მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ამოქმედებიდან (01.01.2019) მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუფთა მოგებამ 39,9%, ფონდის ინვესტიციების (ინფლაციის გათვალისწინებით) რეალურმა ამონაგებმა კი 1,71% შეადგინა.
საპენსიო ფონდმა მიმდინარე წლის მარტიდან დოლარის შეძენა დაიწყო. 30 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,2% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,8% – დოლარში.
აქტივების 3,5% განთავსებულია მიმდინარე საპროცენტო ანგარიშებზე, 14,1% – ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8,7% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 8,1% – გლობალურ აქციებში, 0,9% – ევროობლიგაციებში, ხოლო აქტივების 64,6% ჩადებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში.