თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ხსოვნის სპონტანური მემორიალი დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია. აქ დგას დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე, რომელსაც პარასკევს, საღამოს საზეიმოდ აანთებენ.
„ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვისხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო თბილისის მერიამ გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება.
„ახალ წელს სიხარულით ელოდება ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.