თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ონლაინ ხმის მიცემა სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია - 2022“ 9 დეკემბერს დაიწყება, ნათქვამია Junior Eurovision Song Contest-ის ვებ-გვერდზე.
სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მისაცემად საჭიროა მისი კლიპის ნახვა ბოლომდე და შემდეგ ხმის მიცემა. ფავორიტ კონკურსანტთან ერთად კიდევ ორი შემსრულებლის აღნიშვნა შეიძლება. კენჭისყრა 23:00 საათზე დაიწყება.
მარიამ ბიგვავა
© Courtesy of Eurovision Georgia
სიმღერის მეოცე საიუბილეო კონკურსზე, რომელიც ერევანში 11 დეკემბერს ჩატარდება, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით გამოვა.
ზედიზედ მეხუთე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებელს პროფესიონალური ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შედეგად ირჩევს. წელს შოუს გამარჯვებული მარიამ ბიგვავა გახდა.
მარიამ ბიგვავა
© Courtesy of Eurovision Georgia
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეოთხე ადგილი (163 ქულა) დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.