თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სამართალდარღვევის ფაქტი „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები თურქეთის მოქალაქის კუთვნილი სატვირთო მანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72,1 ათასი ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
გარდა ამისა, საბაჟო კონტროლის ფარგლებში მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 103,5 ათასი დოლარი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით დაეკისრა ფულადი ჯარიმა – 27.989,432 ლარი.