მსოფლიო დღეს

ჩინეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ბირთვული უსაფრთხოების ცენტრს შექმნიან

ჩინეთი და რეგიონის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმოქმედონ კაცობრიობის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ჩინეთი და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ბირთვული უსაფრთხოების ერთობლივ ცენტრს შექმნიან. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთისა და არაბული ქვეყნების სამიტის გახსნაზე განაცხადა, იუწყება РИА Новости.

„მივესალმები სპარსეთის ყურის ქვეყნების მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების დამყარების ინიციატივაში. ჩვენ ვიმუშავებთ ბირთვული უსაფრთხოების ცენტრის შესაქმნელად ჩინეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მან.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი და რეგიონის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმოქმედონ კაცობრიობის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.
გარდა ამისა, როგორც ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, ჩინეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ერთობლივ საინვესტიციო ცენტრს შექმნიან.

„სპარსეთის ყურის ქვეყნები და ჩინეთი შექმნიან ერთობლივ საინვესტიციო ცენტრს. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან „სუფთა“ ენერგიის ინვესტიციებში", – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

7 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი საუდის არაბეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. იგი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთისა და არაბული სახელმწიფოების პირველ სამიტში, ასევე ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სამიტში.