ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“ ეკრანებზე გამოვიდა

ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კინოეკრანებზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი გამოვიდა.
ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. ფირის ქრონომეტრაჟი 108 წუთია. წარმოება – კინოსტუდია GI-Films. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია, რომელიც საქართველოდან აშშ-ში 8 წლის წინ გადავიდა.
ანიმაციურ ფილმში დავითაიამ გამოიყენა როგორც ტრადიციული 2D და 3D ანიმაციის ტექნიკა, ასევე ექსპერიმენტული მიდგომები.
კერძოდ, ფილმში გამოყენებულია როტოსკოპია. ეს არის ანიმაციური ტექნიკა, რომლის დროსაც ფილმის ანიმაციური ან კომბინირებული ნაწილი იქმნება გადაღებული კინოფირის კადრების გადახატვით, რეალური მსახიობებითა და დეკორაციებით.
რაც შეეხება სიუჟეტს, დავითაიას თქმით, მისი მისია იყო ეს წარმოუდგენელი ამბავი ფართო აუდიტორიამდე მიეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ადაპტაციისთვის მან ბევრი რამ შეცვალა, რათა ისტორია უფრო აქტუალური ყოფილიყო თანამედროვე აუდიტორიისთვის, მთავარი სიუჟეტი უცვლელი დარჩა.