თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 3 მილიონამდე მგზავრით დაასრულებს, განაცხადა კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, წელს იგი 620 ათას მგზავრს მოემსახურა.
ზაქარაძის თქმით, TAV Georgia-ში ფიქრობენ, რომ ბათუმის აეროპორტი 2023 წელს შეძლებს 2019 წლის მგზავრთნაკადის მაჩვენებლის დაბრუნებას. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, კომპანიაში ეჭვი ეპარებათ, რომ 2023 წელს შესაძლებელი იქნება პანდემიამდელი მაჩვენებლის აღდგენა.
„წელს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებლის აღდგენა, რაც პანდემიამდე იყო“, – განაცხადა ზაქარაძემ.
როგორც ზაქარაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ავიაკომპანია დაიწყებს ფრენას საქართველოდან.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვსურს რაც შეიძლება მეტ ავიაკომპანიას და მგზავრს მოვემსახუროთ“, – განაცხადა ზაქარაძემ.
ნოემბერში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა – ნოემბერში თბილისის აეროპორტი 232.092 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 8%-ით გააუმჯობესა.
დღეისათვის აეროპორტში 35 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 38 მიმართულებით ახორციელებენ.
რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ნოემბერში მისით 34.153-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 15%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 30%-ით მეტი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.