თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს იწურება. კონსტიტუციის თანახმად, მისი მეორე ვადით არჩევა ვერ მოხდება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. გასულ კვირაში კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო, რის შედეგადაც ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ რვა კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლეს.
ოპოზიცია მმართველ პარტიას პროცესის გაჭიანურებაში სდებს ბრალს. პოლიტიკური ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, შეხვედრის მეორე რაუნდი იმდენად გაჭიანურდა, რომ უკვე ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა გადის.
„მალე საკითხი კენჭისყრაზე დადგება, ჩვენ კი ჯერ არ ვიცით „ქართული ოცნების“ პოზიცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და გვსურს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები შესრულდეს და შევთანხმდეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, პროფესიონალი და იდგება ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კონსტრუქციულობისკენ ოპოზიციას მოუწოდებენ. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, თუ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, მაშინ „ქართული ოცნების“ ხმები ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად არ იქნება საკმარისი.
„ჩვენ შემდეგ დღეებში სერიოზული მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ სახალხო დამცველის არჩევა. ჩვენ მოწოდებული ვართ ვიყოთ უფრო მეტად ორიენტირებული შედეგზე და ამისკენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც. ალბათ საჭიროა მათი მხრიდან უფრო მეტი კონსტრუქციულობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ამ მომენტისთვის ხმების ასეთი რაოდენობა პარლამენტში შესულ არცერთ პარტიას არ აქვს. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხმები, რომელსაც 75 დეპუტატი ჰყავს, ახალი ომბუდსმენის არჩევაში გადამწყვეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატების განხილვისას ერთსულოვანი მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.