მსოფლიო დღეს

მოსკოვმა და ვაშინგტონმა მსჯავრდებულები გაცვალეს

ცნობილი მსჯავრდებულების გაცვლა ხუთშაბათს აბუ-დაბის აეროპორტში შედგა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვმა და ვაშინგტონმა რუსეთში დაკავებული კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი აშშ-ში დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტზე გაცვალეს, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მსჯავრდებულების გაცვლა ხუთშაბათს, 8 დეკემბერს აბუ-დაბის აეროპორტში გაიმართა.
„რუსეთის ფედერაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ვიქტორ ბუტის გათავისუფლებაზე. ვაშინგტონი კატეგორიულ უარს აცხადებდა დიალოგზე გაცვლის სქემაში რუსეთის მოქალაქის ჩართვაზე. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებდა აქტიურ მუშაობას ჩვენი თანამემამულის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება გაცვლის ორგანიზებაზე.
2012 წელს ბუტს აშშ-ში იარაღით ვაჭრობისა და „ტერორიზმის მხარდაჭერის“ ბრალდებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრიტნი გრაინერი 2022 წლის 17 თებერვალს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.