საქართველო რისკზე ვერ წავა - მამუკა მდინარაძე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ექვსი ერთ დღეს, 3 დეკემბერს დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევით საქართველო ვერ გარისკავს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც ადრე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი თხოვნისა, უკრაინას არ მიუღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან იარაღის, საბრძოლო მასალის, ასევე როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდების თაობაზე.
მდინარაძის თქმით, დღეს საქართველო უკრაინის შემდეგ ნომერ პირველი ქვეყანაა, რომელიც რისკის ქვეშ იმყოფება.

„ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც რისკს ასმაგად ზრდის. საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დეპუტატის თქმით, საქართველოზე ყველა პარამეტრით გაცილებით ძლიერი ქვეყნების ლიდერები – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ემიჯნებიან კონკრეტული მკაფიო განცხადებებით მოხალისეების გაგზავნას.
„საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სამხედრო შეიარაღებით დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ქვეყნები ემიჯნებიან მოხალისეების გაგზავნას. მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციაა, ვინც ახალისებს მოხალისეებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ამას არ გავაკეთებთ" - პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ>>>
მისი თქმით, არსებობს კიდევ „ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც ოპოზიციას არავინ უხსნის“ – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ პირი სხვა ქვეყნის არმიის რიგებში ირიცხება, იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ექვსი ახლახან ერთ დღეს, 3 დეკემბერს დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.