კახეთში მოზარდს ასაკიანი მამაკაცის დამცირების გამო ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვანს ხანდაზმული მამაკაცის დამცირების გამო, მის სრულწლოვან თანამზრახველს კი ციხეში 6 წლის გატარება მოუწევს, იუწყება გენერალური პროკურატურა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე დამტკიცდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს არასრულწლოვანმა და ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა სრულწლოვანმა პირმა ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცს სცემეს, წაართვეს ფული, იძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
წყარო - გენერალური პროკურატურა