თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისტაილის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კიდევ ერთი შემოწმება ჩატარდება – 16 იანვარს ინსპექცია თოვლის ხარისხს შეაფასებს.
2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
კონკურსის მონაწილეები ორ ლოკაციაზე – კოხტასა და დიდველის მწვერვალებზე იასპარეზებენ.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. წელს უკვე გავიარეთ სამი ინსპექცია. დარჩა თოვლის შემოწმება, რომელიც 16 იანვარს არის დაგეგმილი", – განაცხადა საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ პარლამენტის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე.
წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 50 ქვეყნის 1300-მა სპორტსმენმა, 400-მდე მწვრთნელმა, ექიმმა და მსაჯმა. ჩემპიონატს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დაახლოებით 1900 წარმომადგენელი დაესწრება.
„თითქმის ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. კონკურსზე დასწრებას ყველა მსურველი შეძლებს, რადგან შესვლა თავისუფალია", – დასძინა კოსტავამ.
ჩემპიონატი მოიცავს ექვს დისციპლინას, რა დროსაც სპორტსმენებს შორის მედლების 30 კომპლექტი გათამაშდება.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.