თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს „იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას, რომლებიც ზღუდავს დევნილების უფლებას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირებს გრძელვადიანი საცხოვრებლით აღარ უზრუნველყოფს.
ასევე კარგავენ საცხოვრებელზე უფლებას ის პირები, რომლებსაც 2023 წლის 1 იანვრამდე 18 წელი არ შესრულებია. ასეთ პირებს საცხოვრებლის უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც მათი ნათესავების მემკვიდრეებს.
2023 წლიდან ობლების სტატუსის მქონე პირებს უზრუნველყოფენ იმ საცხოვრებელი ფართით, რომელიც მათ მშობლებს ეკუთვნოდათ.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად საცხოვრებლის რიგში მდგომი იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა შემცირდება. ამავდროულად, მათი მონაცემებით, ვინაიდან საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 4,2 ათასი პირი იბადება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით, ეს პირებიც ასევე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ ვერ შეძლებენ სახელმწიფოსგან ცალკე საცხოვრებელ ფართზე განაცხადის გაკეთებას.
ამით სახელმწიფოს წელიწადში საშუალოდ დაეზოგება 106,3 მლნ დოლარი, რომელიც დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის შეძენაზე უნდა დახარჯულიყო.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.