2023 წელს ქართველი ექსპორტიორები 15 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პარიზში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე Food Ingredients Europe სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს პავილიონი ფუნქციონირებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
პავილიონი, სადაც საკუთარი პროდუქცია შვიდ ქართულ კომპანიას აქვს წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დაათვალიერა.

„პარიზის გამოფენისთვის ჩვენ სასურსათო ინგრედიენტების შვიდი მსხვილი მწარმოებელი შევარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ მათთვის ეს გამოფენა ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ახალ ბაზრებზე გასვლის საფუძველი გახდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოფენის მონაწილე კომპანიები ძირითადად თხილის, კაკლის, ნუშის, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან.
„ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერა, ამისთვის მთავრობის დავალებით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით შევიმუშავეთ მექანიზმები ექსპორტიორთა მხარდაჭერის, მათთვის გასაღების ბაზრების მოძიების, იქ დამკვიდრებისა და, ზოგადად, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მხოლოდ 2023 წელს „აწარმოე საქართველოში“ ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს 15 უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და სავაჭრო მისიების ორგანიზების გარდა, სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პოტენციურ ექსპორტიორებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას ექსპორტიორებისთვის, მათ შორის, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას.