„ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი“ - პრემიერი ირწმუნება, რომ ქვეყანაში არეულობა არ მოხდება

ამ „ომის პარტიას“ არ მივცემთ საშუალებას ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას ქვეყანაში არეულობა მოახდინოს, არავის ჰქონდეს ამის ილუზია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანამდე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მიმართონ რადიკალურ ზომებს, თუ ობიექტური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით.

„ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, რადგან ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მათ „ბოლო კარტი გაათამაშეს“, როდესაც სააკაშვილი ჩამოიყვანეს და „ეს სისულელე ჩაადენინეს“.
„ვნახეთ როგორ დასრულდა – ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს – ჩვენს ქვეყანაში ომის პარტიას, ამრევებსა და „ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას“, – განაცხადა პრემიერმა.
მიხეილ სააკაშვილმა სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა >>
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, „ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
„ამას არ გავაკეთებთ" - პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ >>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.