თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ედუარდ ასრიანს უმასპინძლა - მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.
გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და სერჟანტთა აკადემიასაც ესტუმრნენ.