თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ქვეყნის უმსხვილესი, ფოთის პორტის პოტენციალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პორტის ოპერატორის APM Terminals-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგ A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, ფოთის პორტში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
APM Terminals-ის წარმომადგენლებმა მეტი ინვესტიციის განხორციელების და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მზადყოფნა გამოთქვეს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლოდ ფოთის პორტის შესაძლო გაფართოებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას APM Terminals-ის მხრიდან ევროპისა და აფრიკის რეგიონული დირექტორი იგორ ვან დერ ესსენი და APM Terminals Poti-ს გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
ფოთის პორტის გაფართოება
კომპანიამ APM Terminals Poti მიწით სარგებლობის უფლება მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყისი ეტაპია.
კომპანიას სურს ფოთში საზღვაო ნავმისადგომის გაფართოება, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიური კარი, რომელიც მოემსახურება Panamax-ის ტიპის გემებს. APM Terminals Poti გეგმავს პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში. პროექტი ორი ფაზისგან შედგება.
პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.
მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.
კომპანია გეგმავს მშრალი ტვირთებით ოპერირებას. ესაა ლითონი მთელი რეგიონიდან, სასუქები, მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.
ფოთის პორტი დღეს
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
2011 წლის აპრილში ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.