რა უპირატესობა აქვს თხილის მწარმოებლებისთვის ახალ პროგრამას

მინისტრის თქმით, სახელმწიფო აგრძელებს მაღალი ხარისხის ქართული თხილის წარმოების აქტიურ მხარდაჭერას.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია პროდუქცია იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი, რათა ქართველმა ფერმერებმა ღირსეული შემოსავალი მიიღონ, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
შამუგიას განცხადებით, ერთ-ერთი აგროკულტურა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს, არის თხილი. 2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამ ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

„სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ხარისხიანი ქართული თხილის წარმოების მხარდაჭერას რიგი ღონისძიებებით, მათ შორისაა თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი პროგრამა“, – განაცხადა შამუგიამ ოზურგეთში კომპანია „გლობალ ექსპორტის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერებისას.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თამარ არჩვაძემ განაცხადა, ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ფერმერების მიერ ხარისხიანი თხილის წარმოება გაზრდის როგორც მათ შემოსავალს, ისე კომპანიის წარმოებას და ქართულ თხილს საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლნ ლარია, 2014 წელს ამოქმედდა.
კომპანია სარგებლობს 1,4 მლნ ევროს საკრედიტო ხაზით, რომლის გაცემაც InnovFin SME Guarantee Facility-ის მხარდაჭერით განხორციელდა, იგი ფინანსდება ევროკავშირის მიერ პროგრამა Horizon 2020 Financial Instruments-ის ფარგლებში.
ოთარ შამუგია
კომპანიამ 2021 წელს საქმიანობა გააფართოვა და თანამედროვე დანადგარების შესაძენად ისარგებლა 1,5 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით. ახალი მიმართულების განვითარების შედეგად მოხალული, ბლანშირებული, დაქუცმაცებული თხილის და თხილის ფქვილის დამზადება გახდა შესაძლებელი. შედეგად, გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე ექსპორტის მოცულობა
„გლობალ ექსპორტი“ საექსპორტოდ ამზადებს როგორც თხილის გულს, ისე თხილის ფქვილსა და პასტას. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება იტალიასა და ჩეხეთში. მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 2 ათას ტონამდე მზა პროდუქციის ექსპორტი. საწარმოში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
ახალი პროგრამა
ნოემბერში საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას.
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა ამოქმედდა>>>
მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.