თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გერმანელმა სამართალდაცველებმა, რომლებიც 11 ფედერალურ მიწაზე ატარებენ ჩხრეკებს, 25 კაცი დააკავეს, რომელთაგან 22 ტერორისტული ორგანიზაციის წევრებად მიიჩნევა, ხოლო სამი — მათ მომხრეებად, იუწყება ქვეყნის ფედერალური პროკურატურა.
უწყების ცნობით, დაკავებულებს არსებული სახელმწიფო წყობის დამხობა და მისი საკუთარი ფორმით შეცვლა სურდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის სავარაუდო წევრები გერმანიის მოქალაქეები არიან, ხოლო მათი მხარდამჭერებიდან ერთი — რუსეთის მოქალაქე ქალია. სულ საქმეში 52 ეჭვმიტანილი ფიგურირებს. დარჩენილი 27 პირის დასაკავებლად გერმანიის მიწებზე არსებულ 130 ობიექტში კვლავ მიმდინარეობს ჩხრეკები.
„დაკავებული ეჭვმიტანილები ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან, რომელიც 2021 წლის ნოემბრის ბოლოსთვის შეიქმნა. მისი მიზანი იყო გერმანიაში არსებული სახელმწიფო წყობის დამხობა და მისი საკუთარი სახელმწიფოებრივი ფორმით შეცვლა, რომლის მონახაზებიც უკვე შემუშავებულია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, როგორც უწყება აზუსტებს, ორგანიზაციის წევრებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მათი განზრახვა მხოლოდ „სამხედრო საშუალებებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე ძალადობის გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს“, მათ შორის, მკვლელობების გზით.
„ბრალდებულებს აერთიანებს გერმანიის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავისუფალი დემოკრატიული წყობის მიუღებლობა, რამაც ისინი დროთა განმავლობაში აიძულა, მიეღოთ გადაწყვეტილება მათი ძალადობრივი დამხობის თაობაზე, რისთვისაც კონკრეტული მოსამზადებელი სამუშაოები გასწიეს“, — აცხადებს ფედერალური პროკურატურა.
უწყების ცნობით, ორგანიზაციის წევრები კონსპიროლოგიური მითების მხარდამჭერები არიან და მტკიცედ სჯერათ, რომ ამ დროისათვის გერმანიას „სიღრმისეული სახელმწიფო“ (Deep State) მართავს. ამიტომ მათ ხსნის ერთადერთ გზად საქმეში ალიანსის ჩარევა მიაჩნიათ, რომელიც „ტექნიკურად აღემატება საიდუმლო მთავრობას, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებს“.
ამასთან, გერმანიის პროკურატურის ცნობით, ორგანიზაციაში მტკიცედ სჯერათ, რომ „ალიანსის“ წევრები უკვე გერმანიაში არიან და მათი შეტევა „სიღრმისეულ სახელმწიფოზე“ გარდაუვალია.