თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის, დეკემბერში კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება ბრონქიოლიტის სახით.
„წელს სეზონური ვირუსების ცირკულაციას ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე. დღეს ძირითადად ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა“, – აღნიშნა გაბუნიამ.
სეზონური ვირუსების გამო კლინიკები გადატვირთულია. დაავადების პრევენციისთვის მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ რეკომენდაციებს. ისინი მათ მოუწოდებენ, სიმპტომების დროს ატარონ პირბადე, მაქსიმალურად ეცადონ არ გავიდნენ ქუჩაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.
ამავე დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სექტორმა უკვე მიიღო შესაბამისი მითითება – უმკურნალონ პაციენტებს სახლში, რადგან კლინიკებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად არ არის. რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს ინტენსიურად აკითხავენ.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით მან კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნეს ექსპერტებმა.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.